ჩვენს შესახებ

ნოდარ კეკელიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (MRITSU) დამაარსებელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ კეკელიძე. ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა 2019 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ.

აკადემიკოს ნოდარ კეკელიძის სახელობის ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის (MRITSU) გამჭოლი კვლევების სტიმულირება მის მონათესავე სხვადასხვა ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან, იძლევა განსხვავებული შეხედულებების და ახალი იდეების ჩამოყალიბების შესაძლებლობებს. ჩვენთან დისციპლინების შერწყმა, როგორც მას ხშირად უწოდებენ „კონვერგენცია“, აერთიანებს ფიზიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, საინჟინრო და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და შესაძლებელს ხდის საზოგადოების წინაშე დღეს და მომავალში მდგარი კომპლექსური პრობლემების გადაჭრას.

ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტი (MRITSU) არის ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, რომელმაც შექმნა დისციპლინებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კულტურა და რომლის დამაარსებელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ კეკელიძე

1961 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ნახევარგამტართა ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნოდარ კეკელიძე. მოგვიანებით ამავე ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა ნახევარგამტარების ფიზიკისა და ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, შემდგომში „მიონი“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიკოს ნოდარ კეკელიძის მიერ დაარსებული ლაბორატორიების (ახალი მასალების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია 1973წ.; მყარი სხეულების რადიაციული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორია -1972წ.; ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია - 2007წ.) და კათედრის (ზეგამტარებისა და ნახევარგამტარების კათედრა - 1988წ.) ბაზაზე 2009 წელს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან დაფუძნდა ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (MRITSU), რომლის დირექტორი გარდაცვალებამდე იყო აკადემიკოსი ნოდარ კეკელიძე.

MRITSU -ს მხარდაჭერა ფაკულტეტისადმი გამოიხატება სასწავლო, სამეცნიერო, ექსპერიმენტულ და საწარმოო პარტნიორებთან კავშირების დამყარებაში და თანამშრომლობაში.